ზოგადი ინფორმაცია

ზოგადი ინფორმაცია

ახალგორის მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. ახლანდელი მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის  გორის მაზრაში შედიოდა, 1922–1990 წწ. მუნიციპალიტეტი შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, 1934-1990 წწ. ეწოდებოდა ლენინგორის რაიონი. 1992  წლიდან საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ცალკე მუნიციპალიტეტია. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ადმინისტრაციული ცენტრი  — დაბა ახალგორი. 1935-1991 წლებში ცნობილი იყო ლენინგორის სახელით. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ქალაქს რუსმა ოკუპანტებმა ისევ საბჭოთა სახელწოდება — „ლენინგორი“ უწოდეს. მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ ქსანიდან 35 კმ-ზე. დაბის სტატუსი მიენიჭა  1960  წელს. მოსახლეობა 2.5 ათასი (2002 წ.). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.

ახალგორის მუნიციპალიტეტის ფართობია  1011 კვ.კმ.

ჰავა

ზ.დ. 800 მეტრამდე ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა: 9,6°C იანვრის: 1,6°C, ივლისის: 20,3°C აბსოლუტური მაქსიმუმი: 38°C, აბსოლუტური მინიმუმი:  — 28°C. ნალექები — 730 მმ წელიწადში.

სიმაღლის მატებასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს და ყელის ვულკანურ თხემზე საშუალო წლიური ტემპერატურა -5°,-6°C-ია. მთებში ნალექიანობა მატულობს და ყელის ზეგანზე 1600 მმ-ს აღწევს წელიწადში.