გამგეობა

მიდგმული კოშკი სასახლის ნაწილად იქცა. ამასთანავე, მას თავდაცვის ყველა ელემენტიც აქვს. იგი სამსართულიანი ყოფილა.

სამხრეთ-დასავლეთის კოშკი სხვებზე უკეთაა მოღწეული. ისიც სამსართულიანია. პირველ და მეორე სართულებს შესასვლელი ეზოდან აქვს ცალ-ცალკე. პირველი და მეორე სართულები უხვადაა აღჭურვილი ნიშებით, სარკმლებითა და სათოფურებით. მეორე სართულს აქვს ბუხარიც. მესამე სართული, ძირითადად, საბრძოლველად ყოფილა განკუთვნილი. მის კედლებში სათოფურები და სალოდეებია ჩამწკრივებული.
ჩრდილო-დასავლეთის გადაკეთებული კოშკი, ძირითადად, ზემოაღწერილის მსგავსია.
აღწერილი ორი ანსამბლი გაერთიანებული იყო ერთ მთლიან გალავნით, რომლითაც ხუთ ჰექტარამდე ტერიტორია იყო შემოფარგლული. გალავანში ჩართული ყოფილა კიდევ ორი კოშკი, ერთი მათგანი სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში მდებარეობს, მეორე კი — დასავლეთის მხარეს, თითქმის შუაში. ამ უკანასკნელის ქვედა სართული ჭიშკარს წარმოადგენდა. ეს იყო განიერი, თაღოვანი ასასვლელი. ეს ჭიშკარი იმაზე მიუთითებს, რომ შუასაუკუნეებში ხეობაზე გამავალი მთავარი გზა მდინარის მარცხენა ნაპირს მიუყვებოდა. გალავნის შიგნით სხვა ნაგებობანიც იქნებოდა, მაგრამ ახლა მათგან მხოლოდ კვალიღაა დარჩენილი. ნანგრევებს შორის გამოირჩევა აბანო, რომელიც პირველი ანსამბლის გვერდითაა ჩრდილოეთის მხარეს. ძლიერი დაზიანების გამო მისი თავდაპირველი სახის წარმოდგენა შეუძლებელია, მაგრამ ეტყობა, რომ იგი დიდი მასშტაბისა ყოფილა. ეს აბანო სასახლისა იყო. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იმავე საუკუნეებში, რაკი ახალგორი მცირე ქალაქს წარმოადგენდა, იქვე სადმე სხვა აბანოც ყოფილიყო.
ახალგორის მესამე ანსამბლი მდებარეობს მეორე ანსამბლიდან ჩრდილო-დასავლეთით, რამდენიმე ასეულ მეტრზე. იგი განლაგებულია მდინარის მარცხენა მხარეს, ვაკეზე. ირგვლივ ხშირი ტყის არსებობა აძნელებს სხვა ნანგრევების მოძებნას.
ციხე-დარბაზი შედგება კოშკისა და გალავნისაგან. ეს ოთხკუთხა კოშკი, ძირითადად, საცხოვრებელია, მაგრამ აღჭურვილია საბრძოლო ელემენტებითაც. ეზოში მოხვედრა შეიძლებოდა კოშკის პირველ სართულში მოწყობილი კამაროვანი გასასვლელით. ამას გარდა, იქვე, კოშკის გვერდით არის დამატებითი შესასვლელი გალავანში. მშვიდობიანობის დროს, ალბათ, ორივეს იყენებდნენ.

გალავანი არ არის მაღალი. ეზო ორადაა გაყოფილი, რომელთაგანაც სამხრეთისა უფრო მცირეა. კედლებში მოწყობილია სათოფურები.
ანსამბლს თარიღი არ გააჩნია, მაგრამ მთელი რიგი ნიშნებით შეიძლება მისი XVII საუკუნით დათარიღება.
ისტორიულ წყაროებში ახალგორი პირველად XVI საუკუნის 70-იან წლებში იხსენიება. მაგრამ ამ დროს აქ ერისთავთა რეზიდენციის არსებობა არ იგულისხმება. მომდევნო საუკუნეში კი მდგომარეობა შეიცვალა. ამ პერიოდიდან, როცა ქსნის ერისთავები ქართლის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ, ახალგორი მათ რეზიდენციად ქცეულა. XVIII საუკუნიდან